20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ოპოზიცია მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

მცირდება თუ არა ბიუროკრატია სამთავრობო ცვლილებების შემდეგ და რამდენით, კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით კვლავაც არ არსებობს. თუმცა, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე იწყებს მუშაობს. ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებს კონკრეტულ პერსონებზე მორგებულს უწოდებს.

„თუნდაც ის, რომ ფინანსთა მინისტრს ვერ დააბრუნებდნენ ისევ თავის ადგილზე ეკონომიკის მინისტრად და რაღაც შეუერთეს და ვითომ გადიდებული სამინისტრო ჩააბარეს და რაღაც ამით შექმნეს ილუზია, რომ იმ სტრუქტურაში კი არ ბრუნდება, საიდანაც წამოიყვანეს. აქ მთავარი ამოცანა იყო ახალი ფინანსთა მინისტრის დანიშვნა, რომელიც სარგებლობს ოჯახის მხარდაჭერით. ამიტომ, პერსონალიებზე აგებული ცვლილებებია, ვიდრე რეალური მართვის გაუმჯობესების მიზნით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი მთავრობა რეალურად არ იტყვის, რა თანხა დაიზოგება ცვლილებებით, ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია შედეგს ვერ მოიტანს.

„თუ მთავრობა მკაფიოდ არ იტყვის, თუ რა თანხა დაიზოგება ამ სტრუქტურული ცვლილებებით, რაც წარმოადგინა კვირიკაშვილმა, მაშინ ბუნებრივია, ეს რეორგანიზაციაც ისეთივე უნაყოფო აღმოჩნდა, როგორც მთავრობის ყველა სხვა წინა უამრავი მცდელობა, რომ რაღაც ეშველოს ეკონომიკას, როგორმე დასტაბილურდეს ლარის კურსი. ჩვენ ეკონომიკას ახლა სჭირდება გადასახადების შემცირება და სამთავრობო ხარჯის დაზოგვა და სამთავრობო ხარჯი რამდენი იზოგება თუ არ იქნება მითითებული, მაშინ ეს სტრუქტურული ცვლილებები ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რაზეც არის გათვლილი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები