მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის განხილვა ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ გრძელდება. საქალაქო სასამართლოს ჩაბუქმა მას შემდეგ მიმართა, რაც მას და მის ოჯახს სამინისტრომ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ჩაბუქის ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკა ითხოვს და მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება.
ოჯახის და ადვოკატების განმარტებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. დღევანდელი პროცესის მცირე ნაწილი საზოგადოებისთვის დახურული იყო.
ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ სხდომაზე საკმარისი მტკიცებულებები წარადგინეს იმის დასამტკიცებლად, რომ ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობა ელოდება. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ეს იქნება საკმარისი ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად.
„ჩვენ წარვადგინეთ ექვსას გვერდზე მტკიცებულებები, როგორც სახალხო დამცველის დასკვნა, ისე სასამართლოს მეგობრის დასკვნები. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, კონკრეტულად, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში, როგორც პენიტენციალურ სისტემაში, ისე სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს დასკვნები. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ამ ადამიანს მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში,“ - განაცხადა ადვოკატმა.