20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებმა არჩევნების შედეგები მერიასთან გააპროტესტეს. ნიკა ნარსიას განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეები სხდომათა დარბაზში განგებ, კანონდარღვევით არ შეუშვეს, იმ მოტივით რომ დარბაზი სავსე იყო.

„ეს არის საქართველოს და ქუთაისის უბედურება, რომ გააყალბეს არჩევნები. შიგნითაც არ გვიშვებენ, რომ შევსულიყავით და კითხვები დაგვესვა. გადაავსეს თავისი აქტივისტებით დარბაზი, რომ ჩვენ, ოპოზიციის წევრები არ შევსულიყავი,“ - განაცხადა ნიკოლოზ ნარსიამ.

თავის მხრივ საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. მიზეზად კი მათ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება დაასახელეს.

„ეს არჩევნები არ ასახავს საზოგადოების განწყობას. ეს არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების, ზეწოლის და კორუფციის ფონზე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ყველაზე კორუმპირებული არჩევნები ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ეს არის მითვისებული მანდატები, რომელიც მიითვისა პოლიტიკურმა ორგანიზაცია „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაფერ ამის გამო, ჩვენ არ ვღებულობთ დღევანდელ კენჭისყრებში მონაწილეობას,“ - განაცხადა საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი უკლებამ.

ოპოზიციის პროტესტი საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ შეაფასა და საკრებულოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ნამდვილად ვერ დავეთანხმებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში გაიმართა არჩევნები. ჩვენმა ქალაქმა დიდი ნდობა გამოგვიცხადა. პირველი სხდომაა, ინტერესიც დიდია და აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ უკვე საშვები აღარ გაიცა,“ - განმარტა ნიკოლოზ ლატარიამ.

დღის ამბები