დაპირისპირების მეორე დღე ბორჯომის საკრებულოში. ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ისევ ვერ თანხმდება. ოპოზიციამ დღეს საკრებულოს აპარატს დოკუმენტაციით მიმართა და გუშინდელი გადაწყვეტილების უფლებამოსილად ცნობას ითხოვს. საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და კომისიების დაკომპლექტებაზე.
სასამართლო დავისთვის ემზადება „ქართული ოცნება“ და ამბობს, რომ საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია.
„ხვალიდან ვერ ჩავერთვებით იმიტომ, რომ ჩვენი უფლებამოსილება არ არსებობს, საკრებულოს სხდომა გადადებულია, ანუ ხვალიდან ჩატარებული საკრებულოს სხდომა იქნება არაკანონიერი, ამიტომ არაკანონიერ მოქმედებებში ჩვენ ჩართვას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კვირკველიამ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ 28 დეპუტატის ხელმოწერა წარადგინა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ლეგიტიმაცია უკვე აქვს.
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ბორჯომის საკრებულოში, გიორგი გიუაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალ 14:00 საათისთვის საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება.
„გუშინ საბოლოოდ აჩვენა „ქართულმა ოცნებამ“ უმსგავსო და მოძალადე სახე. ის, რაც ხდებოდა ბორჯომში, ეს იყო კატასტროფა, ის ძალადობა, ის რეპრესიული მანქანა, ის გუბერნატორის ხელმძღვანელობა, ის ჩაშლის მსვლელობა, ბოთლების სროლა, ხულიგნობა, ხელის შეშლა, ეს იყო ყველაფერი აქ და ამ მეთოდებით ცდილობენ ეს ბიუჯეტის ვირთხები, შეინარჩუნონ ხელისუფლება,“ - განაცხადა გიორგი გიუაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ გუშინ ბორჯომის საკრებულოს 15 წევრს ხელმძღვანელი პირების დაკომპლექტების ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ის, რაც გუშინ ხდებოდა ბორჯომის საკრებულოში, ეს იყო საპროცედურო ომი, საპროცედურო მანევრი, რასაც იყენებდა „ქართული ოცნება“, რომლის ინტერესშიც შედიოდა სხდომის ჩაშლა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
გუშინ საკრებულოში სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის 15-მა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარედ "პატრიოტთა ალიანსიდან" ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ასევე, ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა 5 კომისიის თავმჯდომარეებიც დაამტკიცეს. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მმართველი გუნდის წევრებს არ მიუღიათ.