20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არც ნარკოტიკული ნივთიერების და არც ფსიქოტროპული მედიკამენეტების კვალი

ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლო სამედიცინო შემოწმების მასალები უკვე მიიღეს. დასკვნაში წერია, რომ პაატა პავლიაშვილის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არც ნარკოტიკული ნივთიერების და არც ფსიქოტროპული მედიკამენეტების კვალი.

„დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, გარდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ განხორცილებული მანიპულაციის. ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლებთან ოჯახის წევრებთან და მის ადვოკატთან. მათ საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე, ზემოთხსენებული ექსპერტიზის დასკვნას,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სისხლის სამართლის ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი გაირკვა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო, რამე უფლებამოსილების გადამეტებას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ფიზიკური დაზიანების კუთხით და ესეც გამოირიცხა ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, ახლა ველოდებით მეორე ექსპერტიზის დასკვნას და საბოლოო ჯამში, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე ასევე გავაკეთებთ ჩვენს ანალიზს. ამ ექსპერტიზით გამოირიცხა ერთი რამ, რომ პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებიათ. დანარჩენი უკვე, შეასრულეს თუ არა ჯეროვნად თავიანთი ფუნქცია, ეს უკვე არის გამოძიების გაგრძელების და შემდეგ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის განსჯის საკითხი,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა. ვიდეომასალაში, რომელიც შინაგან საქმთა სამინისტრომ 33 წლის პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა, აქცენტი სწორედ გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული საშაუელების მიღებაზე კეთდებოდა თუმცა, ექსპერტიზის დასკვნა ამას არ ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები