„დღეს ჯილდოს როგორც მიზნობრივობაა დაკონკრეტებული, ასევე, მისი ზღვრული ოდენობა. პრემიასთან დაკავშირებით არც მისი გაცემის საფუძველი იყო დაკონკრეტებული და არც ზღვრული ოდენობა, რომლის ფარგლებშიც მისი გაცემა იქნებოდა შესაძლებელი,“ – ასე განმარტავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ეკატერინე ქარდავა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
ქარდავას თქმით, აღნიშნული კანონი ბიუჯეტის განკარგვას გაამარტივებს.
„ეს კანონის პროექტი აწესრიგებს სახელმწიფოს და ასევე, თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ნებისმიერი ორგანიზაციის და ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ნებისმიერი პირის შრომის ანაზღაურების საკითხებს, იქნება ეს თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხი, დანამატის თუ ფულადი ჯილდოს განსაზღვრის საკითხი,“ - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
ეკა ქარდავა განმარტავს, რომ ჩარჩო-რეგულაცია დადგინდება, რითაც განისაზღვრება რა შემთხვევაში შეიძლება სახელფასო დანამატის გაცემა და დადგინდება დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრული ოდენობა.
„სახელფასო დანამატი გაიცემა მხოლოდ ორი მოცემულობის შემთხვევაში: ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და დამატებითი ფუნქციური დატვირთვა,“ - განაცხადა ქარდავამ.