"ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა,"- ამ განცხადებით საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
იან კელის შეფასებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
"ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ ის გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას," - განაცხადა იან კელიმ.
მთელი ღამის განმავლობაში გაბრიელ ბერის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. ღამით დაწყებული სპეცოპერაცია უწყვეტ რეჟიმში დილამდე გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერორიზმში ბრალდებული პირების აყვანას გეგმავდნენ.