ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპარაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი რაიმე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, გარდა იმისა, რაც მედია საშუალებით ვრცელდება.
უმრავლესობის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა.
„არცერთი განცხადება არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გააკეთოს. ვფიქრობ, თავის დროზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ პროფესიონალურ შეფასებას არსებული ვითარების. საერთოდ რეგიონში, მსოფლიო არის საფრთხის ქვეშ. რასაკვირველია, ინტენსიურად მიმდინარეობს ბრძოლები ტერორიზმის წინააღმდეგ და მისასალმებელია და კითხვები აღარ რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ჩვენი ბიჭები ჩართული ასეთ მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ოპერაციებში მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
დამატებით ინფორმაციას არ ფლობს პარლემენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და აცხადებს, რომ ტერორიზმი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„სამწუხარო და ტრაგიკულია ის, რაც ხდება. მთავრი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის დაცული, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ევაკუირებული არიან იქ მაცხოვრებლები და იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია მალე და უმსხვერპლოდ დასრულდება," - აცხადებს ხულორდავა.