ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას ოპოზიციის წევრები აფასებენ. მათი განცხადებით, სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით, სერიოზული პრობლემებია.
„კითხვები ბუნებრივია, არსებობს ოპერაციასთან, რომელიც უკვე 18 საათია მიდის. მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა სახელმწიფოს მხრიდან. სახეზეა სამწუხაროდ, როგორც დაზვერვის ჩავარდნა, ასევე დაგეგმვის ჩატარდა. ასეთი ოპერაცია არ შეიძლება გაგრძელდეს ამდენ ხანს. ერთადერთი ბინის ნეიტრალიზაციას არ უნდა სჭირდებოდეს მაქსიმუმ 2 საათზე მეტი. ელემენტალურია, აქ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემაა, რომელიც ქვეყანაშია,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.
„ამ ეტაპზე, როდესაც ასეთ კრიტიკულ ფაზაშია სპეცოპერაცია, აბსოლუტურად დაუშვებლად მიმაჩნია რაიმე სახის შეფასებების გაკეთება, მითუმეტეს პოლიტიკური სპეკულაცია. ახლა უნდა ვფიქრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულდეს ყველაფერი. აბსოლუტური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ სპეცრაზმელებს პოლიციელებს, რომლებიც ახლა იქ არიან,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის გიორგი ლომიასთვის გაუგებარია, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, ამდენი საათის განმავლობაში რატომ გრძელდება.
„ბიჭები კარგად არიან მომზადებული. მე უფრო მეტი პრეტენზია მაქვს თვითონ სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით. არასწორად არის დაგეგმილი სპეცოპერაცია,“ - აცხადებს გიორგი ლომია.