თბილისის მერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი კორპუსის გარეთ დარჩენილ მოსახლეობას შეხვდა. რამდენიმე ოჯახმა ღამე სასტუმროში გაატარა.
კახა კალაძე მათი საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. პარალელურად, დაწყებულია ზარალის დათვლაც, რომელსაც მერია აანაზღაურებს. გამგეობას ამ დროისთვის დახმარების მოთხოვნით სულ 12-მა ოჯახმა მიმართა.
„12-მა ოჯახმა მიმართა ისნის გამგეობას და ყველანი უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება, კორპუსის მდგრადობას, ლაბორატორიას დაწყებული აქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რა მდგომარეობაა. ზოგადად, აღდგენით სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ვართ მზად. პრემიერის დავალება არის ის, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი და შესაბამისად, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. ჩატარდება ასევე, ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი მხრიდან,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
კახი კალაძის თქმით, ის ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას, ავარიულია თუ არა ეს სახლები.
ადგილობრივების თქმით, ღამის სამი საათის შემდეგ დაიწყეს მათი სახლებიდან გაყვანა მათივე უსაფრთხოების მიზნით და ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ თავიანთი ბინების ნახვას.
თბილისის ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩაძე აღნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამუშაოები შესაძლოა ხვალისთვის დაასრულონ, რის შემდეგაც მოსახლეობას მიეცემა ადგილზე შესვლის შესაძლებლობა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.