სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. ომბუდსმენის ვაკანსიაზე ამ დროისთვის პარლამენტში ორი კანდიდატურა განიხილება - სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე.
არასამთავრობოები კი პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარ კანდიდატურებს სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებზე.
“შემოგვთავაზეს 4 კანდიდატი, კრიტერიუმებზე გვქონდა მანამდე საუბარი. კრიტერიუმები რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტური. ეს არის, მიკერძოებულობა. კვალიფიკაცია და გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. უმრავლესობაში გაიმართება ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. გვექნება ზოგადად კანდიდატებზე მსჯელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება,“ - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს მისი პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით კარგი იქნება თუ არჩევა არასამთავრობოების მიერ დასახელებული კანდიდატებისგან მოხდება.
რაც შეეხება არასამთავრობოებს, მათი აზრითაც სახალხო დამცველის პოსტზე შერჩევა, მათ მიერ დასახელებული კანდიდატებიდან უნდა მოხდეს.
“მნიშვნელოვანია, რომ ის ტრადიცია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, ენ ჯე ო-ების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება. ცხადია ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება თუ ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთ იქნება შერჩეული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი არიან ღირსეული კანდიდატები“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურიმა.