„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას," - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
ხვალ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი გაიმართება. ევროკავშირის ლიდერები უკვე ბრიუსელში იმყოფებიან. მათი ნაწილი ევროპის სახალხო პარტიის ოფისში იკრიბება, სადაც ორმხრივი შეხვედრები იმართება. EPP-ის სამიტს ესწრება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, პირველი - საქართველოში განხორციელდეს ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას და შეზღუდავს მონოპოლიებს. მეორე, მოხდეს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე. მესამე, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ სივრცეში და ასევე, შესაძლებელი გახდეს საქართველოს ჩართვა შენგენის ზონაში და მეოთხე, განხორციელდეს ინვესტირება საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებში,“ - აცხადებს ნიკა მელია.