სახალხო დამცველის მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით, უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ თანხმდება. "კურიერის" ინფორმაციით, მმართველ პარტიაში ამ დროისთვის აზრთა სხვადასხვაობაა. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრებისა და პრემიერმინისტრის დარწმუნება შეძლო, სავარაუდოდ, ქვეყნის ომბუდსმენი სწორედ ნინო ლომჯარია გახდება.
არასამთავრობოები დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ და სახალხო დამცველად 4 კანდიდატურა შესთავაზეს. აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ერთად, მესამე სექტორმა შესაძლო კანდიდატებად, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე დაასახელა.
კიდევ ორი კანდიდატი, რომელიც მმართველი გუნდში განიხილება, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი და პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში სოფო ჯაფარიძე არიან. უმრავლესობის ნაწილის ფავორიტი სავარაუდოდ, სწორედ სოფო ხორგუანია.
საკუთარ რჩეულს ჯერ არ ასახელებს საპარლამენტო ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი კანდიდატების აპოლიტიკურობა იქნება.
უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. საპარლამენტო უმრავლესობა რიგით მეექვსე სახალხო დამცველის დამტკიცებას მომავალი კვირის სხდომაზე აპირებს.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე