20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
თუ ლიკვიდირებულია ასეთი ფორმით ახმედ ჩატაევი, ჩვენმა ხელისუფლებამ გაიჩალიჩა პრობლემა - გივი თარგამაძე

„შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ლიკვიდირებული არის ასეთი ფორმით ახმედ ჩატაევი, ჩვენმა ხელისუფლებამ გაიჩალიჩა პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰქონდა აქამდე,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გივი თარგამაძე ისანში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას. გივი თარგამაძე სპეცოპერაციის შემდეგ დაგროვილ კითხვებზე საუბრობს, რომელზეც ოფიციალურ პირებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„პირველადი ინფორმაცია დანაშაულებრივი ჯგუფის თაობაზე სპეცსამსახურებმა როდის მიიღეს? შემდგომ, მიიღეს ის თუ არა ღია წყაროებიდან, აგენტური ქსელიდან თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მეშვეობით? შემდგომ, იმყოფებოდა თუ არა ჯგუფი სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ?.. როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება გადაუდებელ დაკავებასთან დაკავშირებით? რამ გამოიწვია საერთოდ გადაწყვეტილება, რომ გადაუდებელი დაკავება მომხდარიყო ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში?“ - აცხადებს გივი თარგამაძე.

გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ გუშინდელი სპეცოპერაციიდან გამომდინარე შთაბეჭდილება რჩება, რომ საფრთხის წინაშე სპეცრაზმელები იყვნენ და ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეცოპერაციის დროს საფრთხის სწორი შეფასება არ მოხდა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად არის ამ შემთხვევაში ლიკვიდირებული ჩატაევი თუ არა“ - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ჩატაევი იყო ISIS-ის წევრი.

„ახმედ ჩატაევი იყო ISIS-ის კავკასიის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ასე მოიხსენიებოდა ყოველთვის, იმიტომ, რომ ასეც იყო სინამდვილეში. იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდირებული არის ასეთი დონის ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, რა თქმა უნდა, საფრთხეები ქვეყნის წინაშე მატულობს,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ. 

ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა 2012 წელს დააკავეს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალავე გაათავისუფლეს. რაზეც გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩატაევი გადააპარა ვალეს საზღვრიდან თურქეთში, რაც მისი თქმით, მათ ბუმერანგივით მოუბრუნდათ.

დღის ამბები