„ჩვენ ჩქარა უნდა გავიგოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა მიზანი ქონდათ, სპეცოპერაცია რატო გაგრძელდა იმდენი ხანი, რამდენიც გაგრძელდა, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენლები,“ - ეს განცხადება პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარმა გიორგი ნონიაშვილმა გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ საუბრისას გააკეთა.
ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა პასუხგაუცემელი კითხვა თავად მთავრობისთვისაც და უსაფრთხოების სისტემის მიმართაც პრობლემას წარმოადგენს.
„ზოგადად, ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, მითუმეტეს, როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს,“ - ამბობს ნონიაშვილი და აცხადებს, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რა თქმა უნდა, რამდენადაც ეს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეა შესაძლებელი.
„ზოგადად, სპეცოპერაციის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხელისუფლება მაინც და მაინც ჩამოყალიბებული არ იყო თავის ქმედებებში,“ - აღნიშნა ნონიაშვილმა და დაამატა, რომ ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ხელისუფლებამ სახელი ვერ დაარქვა, თუ რა ჯგუფზე იყო საუბარი, იყო ის ტერორისტული თუ დანაშაულებრივი ჯგუფი.
მისი თქმით, თუკი ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რა ტიპის ადამიანებთან ჰქონდა საქმე, მოლაპარაკებები უადგილო იყო და ისინი პირდაპირ უნდა დაეკავებინათ, მანამდე სანამ სროლა ატყდება.
გადაცემაში, ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ზოგადად მიღებული წესის თანახმად, ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.
„მას შემდეგ, რაც შენ ტერორისტთან იწყებ მოლაპარაკებას, ისინი მართავენ უკვე პროცესს და შენ ხდები რეალურად მისი მძევალი,“ - აღნიშნა ქუთელიამ.
გარდა ამისა, ნონიაშვილი ჟურნალისტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც ეხმაურება. მისი თქმით, თუკი მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაცია, სპეცოპერაციის ჩატარებას საფრთხეს უქმნის, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მედიის წარმომადგენლები განარიდოს.
„ცხადია, მედიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ასეთი საკითხებს გაშუქებისას, თუმცა მე არ მგონია, რომ ეს კრიტიკა რელევანტური იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაზე მოდის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა," - აცხადებს ნონიაშივლი.