პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის პროცესში პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლები იყვნენ. გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებზე იმსჯელებენ.
„მინდა, მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში იყოთ აბსოლუტურად გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად ნათელი გზავნილები მისცეთ, როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას, ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მოქმედმა ომბუდსმენმაც. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ჩანს, თითქოს, არასამთავრობო სექტორი დაბნეულია, რადგან ვერ ჩამოყალიბდნენ კანდიდატზე.
„სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაკომფორტული ხელისუფლებისთვის, უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის. რაც მთავარია, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.