ორ საათზე მეტია ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტი მიმდინარებს. სამიტის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა. მანამდე კი, გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.
სამიტის მონაწილეებმა დღეს ერთობლივი დეკლარაციაც უნდა მიიღონ. დოკუმენტზე მუშაობა ბრიუსელში ორ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგის სამიტის მსგავსად, ამ დეკლარაციაშიც იქნება ასახული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევრო მისწრაფებები.
ბრიუსელის სამიტზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ იმპლემენტაციის პროცესი და რაც უფრო წარმატებული იქნება ეს პროცესი, მით უფრო მალე შეძლებენ ევროკავშირთან დაახლოებას.
უცნობია, საბოლოო დეკლარაციაში იქნება თუ არა ასახული ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეკომენდაციები, განცხადებები ამ თემაზე არ კეთდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გაფართოების სამიტი არ არის. ევროპელი ლიდერების განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით.
ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან ჰქონდა.