საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც განცხადებები სწორედ სპეცოპერაციის დროს დაზარალებულების შესახებ გაკეთდა.
დეპუტატები დაინტერესდნენ, როდის იგეგმება დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ოპოზიციის წევრებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად უსაფრთხოა გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე იმ კორპუსში გადაადგილება, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა.
„დამიკავშირდა მოსახლეობა და მითხრა, რომ პირველსა და მეორე სადარბაზოში ადამიანებს გადაადგილების საშუალება აქვთ. რამდენად უსაფრთხოა მათი გადაადგილება?“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ჟღენტმა.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სწრაფად დაითვალოს ხარჯები და ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს, რათა მოქალაქეებს ბიუროკრატიული პრობლემები არ შეექმნათ.
ოპოზიციის წევრების შეკითხვებს საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა უპასუხა. ნინო ლაცაბიძის თქმით, დაზარალებული მოსახლეობა, დაახლოებით 60 ადამიანი, გამგეობის მიერ სასტუმროებში არის გადაყვანილი.