თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას ცოტა ხნის წინ უკან დაუბრუნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. კახა კალაძის გუნდმა მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა დააკორექტიროს.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა 100 მილიონით მაინც უნდა მოხდეს და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე იქნას გადანაწილებული.
წინასწარ ცნობილია, რომ თბილისის მთავრობა ოპოზიციის შეთავაზებებს არ გაიზიარებს. ის, სავარაუდოდ, გაიზრდება თუმცა, დაიხარჯება იმ პროექტებზე, რომლებსაც კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა.
„გრძელდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან იმ მიზნით, რომ გარკვეული ოდენობით, რაც შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ ბიუჯეტს, გაიზარდოს მუნიციპალიტეტის დაფინანსება იმისთვის, რომ შევძლოთ უფრო მეტი პროექტის განხორციელება 2018 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ.