20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
სახალხო დამცველის ვაკანტური ადგილი - უმრავლესობამ შესაძლოა ომბუდსმენის კანდიდატურა დღეს არ დაასახელოს

„ძალიან კარგი იქნება თუ უმრავლესობის პოზიცია დაემთხვევა სამოქალაქო სექტორის პოზიციას. განიხილება ოთხივე ვარიანტი, ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, უმრავლესობის სხვა წევრების პოზიციასაც სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა. საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ უნდა შეჯერდეს.

"ქართული ოცნების" ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. საქართველოს პარლამენტმა 7 დეკემბრამდე უნდა დაასახელოს უჩა ნანუაშვილის შემცვლელი.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის გადასაწყვეტია ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციას, თუმცა იმედოვნებს, რომ მათი და სამოქალაქო სექტორის პოზიციები დაემთხვევა.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიციები დაემთხვევა ერთმანეთს და ჩვენ დავასახელებთ ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც იყო წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორის მიერ, თუმცა ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი,“ – აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის თქმით, შესაძლოა დღეს არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან დღეს განხილვა იწყება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო კანდიდატს. როგორც მოგეხსენებათ, ამას თავისი პროცედურა აქვს, ფრაქციებს შეუძლიათ დაასახელონ, დეპუტატთა ჯგუფებს კანდიდატები. დავიწყებთ ამ განხილვას. შეიძლება, დღეს არ მივიღოთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პარლამენტარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის ვაკანტურ თანამდებობაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას წარდგენის შესახებ იცის, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

არასამთავრობო სექტორი „ქართულ ოცნებას“ ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს - ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებს.

საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ უნდა შეჯერდეს.

დღის ამბები