აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა. 21-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი. ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს მიდგომა "მეტი მეტისთვის" და ამ მხრივ გამოყოფილია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში დაცული უნდა იყოს კანონისა და სამართლის უზენაესობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი.
„სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებას როგორც ასოცირების ხელშეკრულებებშია აღნიშნული. ეს შეთანხმებები უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის მხარდაჭერას მათი იმპლემენტაციის პროცესში. ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკლუზიურობის შენარჩუნების ფონზე, დროულია ასოცირების პარტნიორთა ჩართვა ერთობლივ დისკუსიებში პროგრესზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ეხება ასოცირებასთან დაკავშირებულ რეფორმას, როგორც ამას პარტნიორები მოითხოვენ ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით,“- აღნიშნულია დეკლარაციის მე-10 პუნქტში.
დოკუმენტთან დაკავშირებით მის გამოქვეყნებამდე პრემიერის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში კომენტარი გააკეთა. თედო ჯაფარიძის შეფასებით, ყველამ აღიარა რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წარმატება.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი სრულდება. რამდენიმე წუთში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები მიღწეულ შედეგებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.