„ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“- საქართველოს პრემიერმინისტრმა ბათუმში სასტურმო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა სოციალური ქსელით ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების და ახლობლების გვერდით,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ხანძრიდან რამდენიმე საათში, ბათუმში მთავრობის მეთაური და მთავრობის წევრები ჩავიდნენ. პრემიერმინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
გიორგი კვირიკაშვილი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.