„მერიისგან ასეთი ობიექტების გადამოწმება არ არის სავალდებულო და არც კანონით არ არის გათვალისწინებული,“ - ეს განცხადება ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მერიის მიერ სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი ახალაძე აცხადებს, რომ 2017 წლამდე არ არსებობდა ვალდებულება, რომელიც დაავალდებულებდა სასტუმროს მენეჯმენტს წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების დოკუმენტს მოიცავდა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობების შესახებ 57-ე დადგენილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა 2017 წლის პირველ იანვრამდე იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც იყო გათვალისწინებული ამ დოკუმენტით. იმ პერიოდისთვის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ჰქონდათ დამკვეთს. შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღების დროსაც ასეთი ამ სფეროში კომპეტენტური ორგანოს დასკვნის ან ცნობის ვალდებულება არ იყო,“ - განაცხადა ირაკლი ახალაძემ.
ირაკლი ახალაძის თქმით, რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ მერიას ასევე არ ჰქონდა ვალდებულება, რომ გადაემოწმებინა ჰქონდა თუ არა სასტუმროს უსაფრთხოების ნორმები დაცული.
„2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა 41-ე დადგენილება, რომელმაც სავალდებულო გახადა უკვე ახალი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად პროექტირება, მერე მშენებლობა და შესაბამისად, ექსპლუატაცია-მიღება უკვე გამკაცრებული იქნება,“ - აცხადებს ახალაძე.
ბათუმში მდებარე სასტუმრო ლეოგრანდში წუხელ ხანძარი გაჩნდა, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.