უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში ჩაბარებამდე შიო, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, მე-9 სამუსიკო სკოლაში სწავლობდა.
სახალხო არტისტს და აღიარებულ ჩელისტს, თამარ გაბარაშვილს, კარგად ახსოვს გამორჩეული შემსრულებელი, რომელსაც პირველად 1987 წელს შეხვდა.
შავლეგ შილაკაძის ხელმძღვანელობით სტუდენტურ კამერულ ორკესტრშიც პირველივე კურსიდან მოხვდა. ორკესტრის ხელმძღვანელის აზრით, ვირტუოზული საშემსრულებლო მანერით და გამორჩეული მუსიკალურობით, ელიზბარ მუჯირის წარმატებული მუსიკალური კარიერა გარანტირებული იყო.
წარმატებული ჩელისტის კარიერა 3 წელში ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა. 1991 წელს მესამე კურსის სტუდენტის ოფიციალური მოთხოვნა სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით კონსერვატორიის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა.
ელიზბარ მუჯირს კონსერვატორიის დიპლომი აღარ აუღია, ჩელოს კლასის მეოთხე კურსის ნაცვლად, სწავლა და მოღვაწეობა რელიგიური მიმართულებით აირჩია.
1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი ბერად აღკვეცეს, ახალი საეკლესიო სახელით - შიო.