თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური, ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში დაამარცხა. რამდენიმედღიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, მან მერის სავარძელი მოიპოვა. მეჭიაურმა ერთ ხმის უპირატესობით გაიმარჯვა.
23 ნოემბრის უქმე დღეს თიანეთის მერი სამსახურში თბილისიდან წავიდა. გზად მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
თიანეთის მერობისთვის გადატანილი ბრძოლების მიუხედავად, მეჭიაური ქართულ ოცნებაზე აუგს არ ამბობს. ქართული ოცნების მოწინააღმდეგე გასულ არჩევნებში მაინც პარტიის მოკავშირედ რჩება.
თამაზ მეჭიაურს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა განზრახული, კენჭი თიანეთის მაჟორიტარად ეყარა, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ტრიბუნიდან მის ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილი დაასახელა.
წლების განმავლობაში მეჭიაურის ანტიდასავლურმა, სექსისტურიმა, ქსენოფობიურმა და ჰომოფობიურმა განცხადებებმა ქართულ ოცნებას სერიოზული უხერხულობა შეუქმნა. ამის გამო, 2016 წლის საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდა. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მეჭიაურს ურჩია, კენჭი დამოუკიდებლად არც ამჯერად ეყარა. ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭებას მან მართლაც ტაიმაუტი არჩია.