საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 20-წლიანი მკაცრი რეჟიმის პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თავისუფალია - ის უკვე სახლში იმყოფება.
სამხრეთ ოსეთმა გიორგი გიუნაშვილი აფხაზეთის თხოვნით გაათავისუფლა. ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი აცხადებს, რომ ეს კეთილი ნების გამოვლინება იყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიუნაშვილი უკანასკნელ აფხაზ მეომარში გადაცვალეს, რომელიც ქართულ ციხეში იჯდა.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია და სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება. მას არ უსაუბრია, უკავშირდება თუ არა გიუნაშვილის გათავისუფლება აფხაზ მეომარში მის გაცვლას.
„აჩვენებს, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, პრაგმატულ და ჰუმანიტარული მიდგომების არსებობის შემთხვევაში, როგორც დღეს გამოვლინდა, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოხდა თუ არა გაცვლა, ამაზე ინფორმაცია არც თავად გათავისუფლებულ გიორგი გიუნაშვილს არ აქვს.
თუმცა, ევროპული საქართველოს წევრი, გივი თარგამაძე, აცხადებს, რომ თავის დროზე ოკუპირებული აფხაზეთი დაეხმარა ოკუპირებულ ცხინვალს და მათი დახმარებით ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოახერხა ქართული ციხიდან თანამოძმეების დახსნა. გიუნაშვილის გათავისუფლება კი არის ერთგვარი საპასუხო სამადლობელო ჟესტი ოსების მხრიდან.