20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
უკრაინის პრემიერის ვიზიტი საქართველოში - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა მოხდება 

უკრაინის პრემიერმინისტრის საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან ოპოზიციაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის პრემიერმინისტრთან მაღალი რანგის შეხვედრების დროს საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, სავარაუდოდ, ქართული მხარე უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს.

„გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, რომ მსგავსი საკითხი განხილულ იქნეს, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს იქნება უფრო კიდევ ერთი თხოვნა უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომ არ მოხდეს ისე, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობა გაგრძელდეს საქართველოში,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ხატია დეკანოიძე.

ხელისუფლების ოპონენტები თბილისში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტსაც იხსენებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, მაშინ პოროშენკომ, არაოფიციალური მოლაპარაკებები სწორედ სააკაშვილის შესახებ გამართა.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ყოფილა უკრაინელი ხალხის გვერდით, როდესაც იყო ომი, როდესაც მათ უჭირდათ, როცა იყო სერიოზული პრობლემა და იქ, სადაც საქართველო და უკრაინა უნდა ყოფილიყო ერთად. მაშინ, როდესაც დაიწყეს პოლიტიკური დევნა, ამ ფორმატმა შეაკავშირა ისინი. ეს რა საკვირველია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

იქნება თუ არა გროისმანთან შეხვედრისას სააკაშვილის საკითხი განხილული, თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს მმართველი გუნდი.

„მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უკრაინასთან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ეს საერთო ინტერესი არის ევროპასთან ინტეგრაცია. ჩვენ საუბარი გვექნება იმ სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ საკითხზე, რაც უკრაინასთან გვაკავშირებს,“ - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

უკრაინის პრემიერმინისტრი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ გროისმანი პირველ აუდიენციას ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეს კიევის სასამართლო კი 21 დეკემბერს განიხილავს.

დღის ამბები