20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ კოლეგას ვლადიმირ გროისმანს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ კოლეგას ვლადიმირ გროისმანს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის​ საერთო ევროპული მისწრაფებები იყო.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

"მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში მზარდ დინამიკას, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო, საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერმინისტრმა.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე, აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი," - განაცხადა გროისმანმა.

დღის ამბები