20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ჩვენს ქვეყნებს აქვს მსგავსი პრობლემები და გამოწვევები - კვირიკაშვილისა და გროისმანის შეხვედრა დასრულდა 

უკრაინისა და საქართველოს პრემიერმინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში კვირიკაშვილმა და გროისმანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთეს. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა.

„ჩვენს ქვეყნებს აქვს მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსულ აგრესიაზე ისაუბრა საქართველოში უკრაინის ელჩმაც. იგორ დოლგოვის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იმუშაონ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენ ორივემ ერთად უნდა ვიმუშაოთ მსოფლიო გაერთიანების კონსოლიდაციისთვის, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესია. ასევე ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. სწორედ ამიტომ, ქართულ დელეგაციებთან ყოველთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრობლემაა როდესაც გყავს ასეთი მეზობელი, რადგან რუსეთის ფედერაციამ დაარღვიოს თითქმის ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმა, ეს საქართველომ გამოსცადა და კარგად იცით რას ნიშნავს. გყავთ უამრავი დევნილი, ჩვენ კი ახლა ვუმკლავდებით ამ პრობლემას. პრობლემა კი კრემლიდან მოდის. რუსეთის ლიდერებს არ სურთ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ევროპასთან ერთად იცხოვრონ. მათ სურთ იბატონონ საქართველოზე, უკრაინაზე და ყველა სხვა ქვეყანაზე, რომლებმაც არჩევანი თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროზე გააკეთეს,” - განაცხადა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები