"მოუთმენლად ველით მომავალ წელს, რომელიც უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით ძალიან ინტენსიური იქნება,“ - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გააკეთა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამეს. ქართული დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით ნოემბერში იმყოფებოდა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
იან კელიმ აღნიშნა, რომ ლევან იზორიას აშშ-ში საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა.
„თავდაცვის მინისტრმა ამერიკაში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და დავიწყეთ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, რათა შევინარჩუნოთ ის მუხტი, რაც ამ შეხვედრებიდან მოდიოდა. მოუთმენლად ველით მომავალ წელს, რომელიც უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით ძალიან ინტენსიური იქნება. ასევე, განვიხილეთ საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდების საკითხი, რომელიც ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა. ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელსაც მინისტრი თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გეგმავს,“ - განაცხადა იან კელიმ.
განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრისას მომავალი წლის გეგმები განსაზღვრეს.
„განვსაზღვრეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ამ კვირის მიწურულს შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ შევაფასოთ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი მიღწევები და ამ მიღწევების საფუძველზე განვსაზღვროთ, თუ რა არის მომავალი წლის და შემდგომი წლის გეგმები თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის და რეფორმების გატარების მიზნით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.