პრინცი ჰარი თავის საცოლესთან მეგან მარკლთან ერთად დღეს საზოგადოების წინაშე ახალი სტატუსით პირველად გამოჩნდება. წყვილი ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა, თუმცა, სამეფო ოჯახმა ეს ამბავი ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაადასტურა.
ოფიციალური განცხადებები გააკეთეს პრინცმა ჩარლზმა და მეგან მარკლის მშობლებმა. ჰარიმ მეგანზე დანიშვნის შესახებ ჯერ ელისაბედ მეორეს, შემდეგ კი საცოლის მშობლებს აცნობა და მათგან თანხმობაც მიღო.
საცოლე პრინც ჰარიზე სამი წლით უფროსია. ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრე 33-ის, მეგანი კი 36 წლისაა. მათ ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს და წელიწადნახევარი ხვდებოდნენ.
მეგან მარკლი პროფესიით მსახიობია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარკლი პრინცის შეყვარებული იყო მედია მის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. მეგან მარკლი მანამდე ერთხელ იყო გათხოვილი და ყოფილ ქმარს 2013 წელს დაშორდა.
წყვილი პირველად ერთად კანადაში, Invictus-ის თამაშების დროს გამოჩნდა. ცნობილია, რომ მათ ქორწილი გაზაფხულზე ექნებათ, კონკრეტულ თარიღს კი სამეფო ოჯახი მოგვიანებით დაასახელებს.