წმინდა სინოდის წევრებს რუსეთში ელოდებიან. ისინი მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით მიემგზავრებიან. მიწვევა კი რუსეთის პატრიარქის ტახტის აღდგენის ასი წლის იუბილეს უკავშირდება.
თავად ილია მეორე ღონისძიებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება. მოსკოვში არ ჩავა არც პატრიარქის თანამესაყდრე მეუფე შიო, მაგრამ თბილისიდან მოსკოვში სამი მღვდელმთავარი მიემგზავრება. მათ შორის ქორეპისკოპოსი თეოდორეც, რომელიც დღეს ვაშინგტონში იმყოფება. მის გარდა მოსკოვში ჩავლენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი.
ოფიციალური ვერსიით საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაში მონაწილების მისაღებად მიემგზავრება, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ მთავარი მოლაპარაკებები რუსული ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იქნება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.