22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ოპოზიცია, იუსტიციის მინისტრისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან ითხოვს.
თეა წულუკიანისა და ვახტანგ გომელაურის პარლამენტის დაბარების საკითხი „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა გუშინ ბიუროს სხდომაზე დააყენეს.
“პარლამენტში მოვიდეს ერთის მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორეს მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
“ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას უერთდება „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის ლიდერები საგამოძიებო უწყებებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ.
„როგორ მოხდა ეს ადამიანი თავის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად საქართველოში, თბილისის ცენტრში. როგორ მოაგროვა მან ამხელა შეიარაღება, ამხელა არსენალი ამ ბინაში და როგორ მოხდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას თითქოს უთვალთვალებდა ხელისუფლება, რომელმაც ვითომ არც კი იცოდა, ვინ იყო ეს პიროვნება. ბუნებრივია, ამის არავის არ სჯერა, სწორედ ამიტომ დუმს ხელისუფლება,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
კითხვებზე პასუხების გაცემის აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობაც, თუმცა მმართველი გუნდი თვლის, რომ მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლამდე, გამოძიებამ შედეგები უნდა დადოს.
„მოკავშირეებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ და არა მარტო ამ კონკრეტული ფაქტის ძიებაზე ან თუნდაც საექსპერტო დასკვნების მისაღებად. აქ არის რაღაც ქსელის გაშიფრვა, კავშირების. არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი მოსვლა, იმიტომ, რომ ინფორმაციის არ მოცემა არის თამაში, რომელსაც არ ვართ მიჩვეული და თუკი ინფორმაციის გადმოცემაზეა საუბარი, მე ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.