თბილისში აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აბრეშუმის გზის ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და ეფექტიანობის გაზრდას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ევროპის და აზიის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
"საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალი ბიძგი მივცეთ აბრეშუმის გზის ფარგლებში, როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან,“-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი უპრეცედენტო იქნება და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
„მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა