ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს. ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეებზე.
დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„სასამართლო ერთხმად ტოვებს ძალაში, რომ არ არის დარღვეული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი განმცხადებლის დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლო ასევე ერთხმად ტოვებს ძალაში, რომ არ არის დარღვეული მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი განმცხადებლის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ არ არის დარღვეული მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი განმცხადებლის წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით. სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, რადგან წინასწარი პატიმრობა უკვე აღარ იყო გამყარებული საკმარისი საფუძვლებით. 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლი, უფლებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთად,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, გვიდო რაიმონდმა.
ვანო მერაბიშვილის საქმე სახელმწიფოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევაზე ევროსასამართლოში უკვე მეშვიდეა, თუმცა ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან დიდი პალატა ასეთ საკითხს პირველად განიხილავს.