„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო ლომჯარიას მხარს უჭერს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ მათი ინიციატივაა, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, რომ გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა სამოქალაქო სექტორის მიერ იყოს წარდგენილი.
„ეს იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ რამდენიმე კვირის წინ და ვხედავთ, რომ ეს არის უკვე ხორცშესხმული, მაგრამ ეს პრინციპი გვინდა, დაკანონდეს და იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერილი იქნება უმრავლესობის მხრიდან და ასევე, რა თქმა უნდა, სამოქალაქო მთლიანი საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა.
„საპარლამენტო უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, სახალხო დამცველის არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე კი ოპონენტების განცხადებებს აკრიტიკებს.
„მე ძნელად წარმომიდგენია კიდევ უფრო გამჭვირვალე პროცესი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად, მხარი დავუჭირეთ იმ კანდიდატურას, რომელიც წარმოდგენილი იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ომბუდსმენობის კანდიდატი, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების გამოვლენისთანავე პრინციპულად მიუდგება საკითხს.
„მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი, უნდა ვითანამშრომლოთ როგორც პარლამენტთან, ასევე, შესაბამის უწყებებთან და რა თქმა უნდა, ძალიან პრინციპული შემფასებელი ვიქნები იმ სიტუაციის, თუკი ადგილი ექნება რაიმე პრობლემურ ტენდენციებს,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამართულ ფარულ კენჭისყრაზე, ლომჯარიას შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა. კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაც ესწრებოდა.