უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელის სუს-ის მოსამსახურეს აძლევს უფლებას, თავის მოვალეობათა შესასრულებლად, კუთვნილების გაუმჟღავნებლად, დაიკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს ოდეერის ინსტიტუტის ლეგიტიმაციას უწოდებენ. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი საბჭოთა გადმონაშთის ოფიციალურ ინტეგრირებას ცდილობს.
„ასეთი ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენად იქნება ამ ინსტიტუტის დაკანონება წინ გადადგმული ნაბიჯი,“ - აცხადებს „დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ რეგულაციის შემოღება მისი პარტიული მიზნებისთვის გამოყენების ეჭვს აჩენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას განცხადებით, ოდეერის ინსტიტუტი თავისი შინაარსით, მოქალაქეთა ტოტალურ კონტროლს ემსახურება.
„ნამდვილად კარგად ვიცით რას ნიშნავს ოდეერის ინსტიტუტი, ეს სხვა არაფერია თუ არა ამ ინსტიტუტის ისევ გაცოცხლება. ეს არის ტოტალური კონტროლის მექანიზმი, რომელიც არის ძალიან დიდი რისკის შემცველი, რომელსაც არაფერი აქვს სინამდვილეში საერთო ძლიერ და ანგარიშვალდებულ უსაფრთხოების სამსახურთან. მას საერთო აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ინტერესთან, ტოტალურად გაკონტროლებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.