20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ე.წ. ოდეერების სტატუსის დაკანონება - ოპოზიცია კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებაზე საუბრობს

ე.წ. ოდეერების სტატუსს ხელისუფლება ოფიციალურად დააკანონებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება. ფარულად მსახურობის პერიოდი, შრომის საერთო სტაჟში ჩაითვლება და ანაზღაურებადი იქნება.

ოპოზიცია ცვლილებას არ ეთანხმება და მისი განხორციელების შემთხვევაში, მათი აზრით, საჯარო მმართველობაში კომუნისტური ეპოქა დაბრუნდება.

„ე.წ. ღრმა დაშიფვრის ოფიცრის ინსტიტუტი არის ძველი მახინჯი გადმონაშთი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს გაუქმდა. ეს ნიშნავს, რომ სუს-ის აგენტები არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს გააკონტროლებენ, არამედ საწარმოებს და სხვადასხვა ორგანიზაციას. სუს-ის ტოტალური კონტროლი იქნება ყველა ორგანიზაციაზე. ეს ნიშნავს კომუნისტურ ეპოქას საჯარო მმართველობაში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ოდეერების მანკიერი ინსტიტუტი უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად. 

„ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ტოტალიტარულ ქვეყანაში და ჩვენი საბჭოთა ტრადიციები არ უნდა ვაკოპიროთ, ოდეერების მანკიერი ინსტიტუტი უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად და უშიშროების თანამშრომელი სისტემას უნდა ჰყავდეს იქ, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს, სადაც რისკები მაღალია. ყველა დაწესებულებაში აგენტების ჩანერგვა და ამ სისტემის გატოტალურება მიუღებელია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ცვლილებას მთავრობის რეორგანიზაციის გეგმა ითვალისწინებს, რომელსაც მმართველი გუნდი ეთანხმება და ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს.

„ძალიან სუსტი არგუმენტი მგონია და რომ აღარ იცი რა თქვა, ასეთ რამეს იგონებ. ეს ოდეერი არ არის, ეს არის უსაფრთხოების ოფიცერი, მაღალკვალიფიციური, რომელიც გარკვეულ უწყებებში არის და ამის თაობაზე ღიად არის ინფორმაცია. სადაც კონტროლი და მეტი ზედამხედველობაა საჭირო, რომ ჩვენს უსაფრთხოებას საშიშროება არ დაემუქროს, უნდა განხორციელდეს ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები