თბილისის მერისა და უკვე ყოფილი მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს, თბილისის ვიცე მერი. ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ გიგა ნიკოლეიშვილის თანამდებობიდან წასვლა არა დაპირისპირებას, არამედ მის სხვა თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება.
ხმალაძის ინფორმაციით, გიგა ნიკოლეიშვილი დაცვის პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა, რაც მერის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა.
„მე მინდა კატეგორიულად უარვყო ყოველგვარი დაპირისპირება, ეს არის აბსურდი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბატონმა გიგამ თანამდებობა დატოვა არის ის, რომ ის დაინიშნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით დატოვა. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ერთად გვემუშავა თუმცა, მან უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ერთადერთი მოადგილე, რომელიც კახა კალაძემ ნარმანიას გუნდიდან დატოვა, გადადგა. გადადგომის ერთ-ერთ ვერსიად გიგა ნიკოლეიშვილსა და ახალ მერს შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.
გადამდგარი მოადგილე, რომელსაც ოპოზიცია ოდეერად მოიხსენიებდა, შსს-ში დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა.