ზონალური საბჭოს და მერიის 19 კომისიის გაუქმების შესახებ თბილისის მერის გადაწყვეტილება ძალაში, მხოლოდ საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში შევა. საკრებულოს დეპუტატებმა გადაწყვეტილება კენჭისყრით უნდა მიიღონ.
საკრებულოს ოპოზიცია, ზონალური საბჭოს გაუქმების შემთხვევაში, კორუფციის რისკებს ხედავს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი განმარტავს, რომ საბჭო არა გასაუქმებელი, არამედ გადასაფორმატებელია. გაბაშვილის თქმით, საჭიროა საბჭოს საექსპერტო წევრებით დაკომპლექტება.
„არ არის სწორი თუ საექსპერტო ცოდნას ჩვენ მოვთხოვთ მერიის ჩინოვნიკებს, ისინი არიან ორგანიზატორები. საექსპერტო ცოდნა სადაც არის იქ არის, უბრალოდ ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ, ამ ცოდნას პატივი უნდა ვცეთ და ამ ცოდნას თავზე არ უნდა გადავახტეთ. ზონალური საბჭო, როგორც საჭირო საბჭო არის გადასაკეთებელი, გადასაფორმატებელი და არა გასაუქმებელი,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა.
ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საბჭო არსებული სახით პარტიულ დავალებებს ასრულებდა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთისთვის სტატუსის შეცვლისას. თუმცა ხაბეიშვილი განმარტავს, რომ მისი გაუქმება დაუშვებელია, რადგან მერის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დღეიდან გადაწყვეტილებები კახა კალაძის მიერ ერთპიროვნულად მიიღება.
„ეს იყო კომისია, რომელიც კონკრეტულ პარტიულ დავალებებს ასრულებდა, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. შესაბამისად, ეს კომისია რა თქმა უნდა, გასაუქმებელი იყო, თუმცა სანამ არ გვექნება ჩვენ გენერალური გეგმა, ამ კომისიაში უნდა შესულიყვნენ ნდობით აღჭურვილი პირები, საზოგადოებას რომ კითხვები არ აქვს ისეთი ადამიანები, სპეციალისტები და საერთო კონსენსუსი სანამ არ მოხდებოდა მათ შორის გენგეგმაზე, ამ კომისიას უნდა ემუშავა გამჭვირვალედ. დღეს მივიღეთ რა, რომ კალაძემ გვითხრა, ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას, ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღებ მარტო,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.