20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
შესაბამისი სამსახურები დამატებითი საბჭოების გარეშე მიიღებენ ქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს - ვახტანგ შაქარიშვილი 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა კახი კალაძის გადაწყვეტილებას, ზონალური საბჭოს და 19 კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს. „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ ზონალური საბჭოს გაუქმების შემდეგ, თავდაპირველად ფუნქციებს არქიტექტურის სამსახური შეითავსებს.

მათი განცხადებით, სავარაუდოდ, არქიტექტურის სამსახურის ბაზაზევე შეიქმნება კიდევ ერთი სამსახური, რომელსაც ზონალური საბჭოს უფლება მოვალეობები სრულად დაეკისრება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრი ვახტანგ შაქარაშვილი აცხადებს, რომ ეს არის დასაწყისი იმ ძირეული ცვლილებებისა, რომელზეც თბილისის მერი წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადოებას ვესაუბრებოდით არქიტექტურის და ურბანული განვითარების მიმართულებით ძირეულ ცვლილებებზე. რეფორმა ითვალისწინებს, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებს, ასევე ცვლილებებს ხედვებისა და მიდგომების სტანდარტებთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღეს მერიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას მკაცრი რეგულაციები, მკაცრი სტანდარტები, რომელზე დაყრდნობითაც მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველგვარი დამატებითი საბჭოებისა თუ კომისიების გარეშე მიიღებენ ქალაქზე, ქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ქალაქში დასრულდა ქაოტური განაშენიანების პროცესი, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, მაგრამ წლების განმავლობაში ეს გრძელდებოდა,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ზონალური საბჭოს და მერიის 19 კომისიის გაუქმების შესახებ თბილისის მერის გადაწყვეტილება ძალაში, მხოლოდ საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში შევა.

საკრებულოს დეპუტატებმა გადაწყვეტილება კენჭისყრით უნდა მიიღონ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები