20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები - პროექტზე საპარლამენტო კომიტეტები დღეს მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტზე, მათ შორის სუს-ის ინიციატივაზე, საპარლამენტო კომიტეტები დღეს მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ოპოზიცია ახალი ჩანაწერის განმარტებას ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პასუხს ითხოვდნენ კითხვაზე, თუ რა თანხები დაიზოგება ამ ოპტიმიზაციის შემდეგ. ასევე ისინი აპროტესტებენ იმას, რომ სუს-ის თანამშრომლების უფლებამოსილება არ უნდა გაფართოვდეს.

„თქვენ იმედი გაქვთ პარლამენტის, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, ოპოზიციის ხმის იმედი რომ არ გაქვთ, გასაგებია. იმის გარეშე, რომ უთხრათ ამ ხალხსაც კი, ჩვენზე არ ვლაპარაკობ, თუ რა მოხდება რეალურად. თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ხარჯების შემცირების და ოპტიმიზაციისთვის ვაკეთებთ ამასო. ნუთუ არც დაუთვლიათ, არც უფიქრიათ რა ეფექტი უნდა მიიღონ. ჯერ ეს თქვეს და ახლა ხელს ააწევინებთ ხალხს და ხმას მიაცემინებთ კანონს და მერე იტყვით რა მოხდება?“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებაა შეცდომაა.

„დღეს სუს-ი არის ფაქტობრივად სახელმწიფო პოლიცია და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი. შეიძლება რომ სუს-ს მივანიჭოთ უფლება, რომ დავუშვათ მინისტრის მოადგილე იყოს მისი თანამშრომელი? დაზვერვა არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არაპოლიტიკური ორგანოა და მისი გაერთიანება სუს-თან არის სერიოზული შეცდომა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სამინისტროების გაერთიანების შესახებ კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. დეპუტატების ნაწილი, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებას ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის მიუღებელია გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანებაც. 

„მე ვფიქრობ, ესე ხელგასმით შემცირება, ამ სამინისტროების ესე გაუქმება და პირდაპირ იმის ძახილი, რომ ეს დაზოგავს, მე ვიცი ადამიანები ფულის სწორ ხარჯვაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა დაზოგვაზე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები