"ჩემი იურისტები აყენებენ შუამდგომლობას, რომ ევროპის სასამართლოს ამ გადაწყევტილების შემდეგ, რაც პოლიტიკურ დევნას ადასტურებს, ჩემი საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში გააკეთა.
მესამე პრეზიდენტის იურისტები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში შეუძლებელია.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ჩემი უახლოესი თანამებრძოლის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრავალწლიანი პატიმრობის მთავარი მიზანი მისგან ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ოლიგარქ ივანიშვილს არ შეეძლო, დაეჯერებინა, რომ მე არაფერი მომიპარავს. ამის გამო უდანაშაულო ადამიანს ამდენია წელია, აწამებენ,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.