20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურა - მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილისთვის სამოქალაქო სექტორის მიერ შეთავაზებული კანდიდატი მიუღებელია.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კენჭისყრისას  სახალხო დამცველობის კანდიდატი ნინო ლომჯარია საჭირო 76 ხმას მიიღებს.

„ვაფიქსირებთ სიხარულს იმის გამო, რომ დამთხვევა მოხდა ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის და მმართველი გუნდის პოზიციების და ეს კანდიდატი გახლავთ ნინო ლომჯარია. გუნდის შიგნით, როგორც ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდი ჩამოყალიბდა ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე, შესაბამისად დღეს ასეთივე იქნება გუნდის გადაწყვეტილება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მხარდაჭერასთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გია ჟორჟოლიანს.

„ჩვენ გვყავდა სხვა კანდიდატიც, სხვათა შორის იმ პრინციპების გათვალისწინებით რა პრინციპებიც საფუძვლად უდევს ნინო ლომჯარიას წარდგენას. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს კანდიდატურას, ამ პრინციპების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით თუ რა პოზიციები გამოამჟღავნა ქალბატონმა ნინომ, ჩვენ ალბათ მხარს დავუჭერთ,“-აცხადებს ჟორჟოლიანი.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა.“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა და დამტკიცებული. ჩვენ შეხვედრები გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დავრწმუნდით იმაში, რომ სრული მხარდაჭერა აქვს მათი მხრიდან წარმოდგენილ კანდიდატურას, ამიტომ ვრჩებით ჩვენი გაცხადებული პრინციპის ერთგული და მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატურას,“- ამბობს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს „ევროპული საქართველო.“ პარტიაში კანდიდატის შერჩევის ფორმას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები