20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს მის მიმართ" - ლევან გოგიჩაიშვილი ვანო მერაბიშვილზე საუბრობს

"ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერის განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ იზიანებენ ჯოზეფ დოლის შეფასებებს, რომელიც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მერაბიშვილი სწორედ პოლიტიკური მოტივებით ჰყავს დაჭერილი.

”რაც არ უნდა ისაუბრონ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ. შესაბამისად ვინც არ უნდა განაცხადოს და ვინც არ უნდა დაწეროს ტვიტერზე, ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს არანაირად არ მოახდენს  ზეგავლენას მის სასჯელზე.  ამ ადამიანს იმდენი დანაშაული აქვს ამ ქვეყანაში ჩადენილი, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს მის მიმართ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება.

“ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას სახელმწიფომ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იქ არსებობს კანონის უზენაესობა, სახელმწიფო რომელსაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ეს იქნება რა თქმა უნდა მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგში პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან. ეს განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.  

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება დიდი ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას.

“მე-18 მუხლი გულისხმობს პოლიტპატიმრობას, ამას ადასტურებს ყველა ვისაც მეტნაკლებად ესმის ეს თემა. როდესაც არიან ადამიანები რომლებსაც უნდათ, რომ გვერდი აუარონ ამ თემას, ეს არის სამარცხვინო. დღევანდელი ხელისუფლება სათანადო რეაგირებას არ ახდენს ამ ფაქტზე, რაც დიდი ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას,“ - განაცხადა რატიანმა.    

დღის ამბები