საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ომბუდსმენად ნინო ლომჯარიას კანდიდატურის დასახელებას არ მიესალმება. მმართველი გუნდის წევრების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მისთვის მიუღებელია იმ მიზეზით, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მისამართით საკმაოდ კრიტიკული იყო.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მისი წინანდელი პოზიციებიდან გამომდინარე მე მას ხმას ვერ მივცემ. ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაც იყო ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი, მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული დაუჭერს თუ არა მხარს ნინო ლომჯარიას და არ გამორიცხავს, რომ მხარი არ დაუჭიროს.
საპარლამენტო ოპოზიციის აზრიც ორად იყოფა. „ევროპული საქართველოს“ წევრები არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ისინი ნინო ლომჯარიას მხარს დაუჭერენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, რადგან სამოქალაქო სექტორის მიერაა წარდგენილი.
„პროცესი არ იყო იმდენად გამჭვირვალე, რამდენადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრინციპი იქნა დაცული და ჩვენ ვრჩებით რეალურად ერთგული იმ ჩვენი პრინციპისადმი,“ - აცხადებს ნიკა მელია.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი უმრავლესობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის კანდიდატურის არჩევა გამჭვირვალედ არ მოხდა.
„არ განუხილავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სხვა კანდიდატები და ეს პროცესი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე,“ - განაცხადა რატიანმა.