დღეს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვით, საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარეს საშუალება ექნება 4 მოადგილემდე დანიშნოს და ამ მოადგილეებს შესაბამისი პრივილეგიები მიანიჭოს. მმართველი გუნდის ინიცირებული ცვლილებები ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა და განუცხადა, პირდაპირ თქვან, რა არის თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი.
„მინდა, რომ პოლიტიკურად უფრო მჭახედ გვიპასუხოთ თუ შეიძლება და გარკვევით რა. ანუ არ გეყოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადგილები, ადგილობრივში თქვენი აქტივისტებისთვის და თქვენი წრის ხალხისთვის, არ გეყოთ შიგნით საკრებულოებში ბიუროკრატიული ადგილები და ახლა გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უნდა მოიგონოთ რაღაც ამბავი, რომ კიდევ თქვენი აქტივისტები დაასაქმოთ და მეტი ხელფასი მისცეთ? პირდაპირ გვითხარით მაშინ. თავის დროზე თქვენ პოლიტიკურ ლიდერებს ეს ნათქვამი აქვთ. ბატონ კალაძეს აქვს ერთხელ ნათქვამი, ბატონ ღარიბაშვილს, რომ ჩვენი ხალხი დასაქმებული გვყავს და ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერსო და პირდაპირ გვითხარით მაშინ რა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ხელფასები იზრდება იმ ფონზე, როდესაც პენსია ისევ უცვლელია 5 წლის განმავლობაში.
„ის არის ტყუილი, როდესაც გვეუბნებით, რომ ფრაქციები აღარ შეიქმნება. ფრაქციებიც შეიქმნება და ამ ფრაქციების შექმნას კიდევ ამატებთ მოადგილეებს. 3-4 მოადგილე ეყოლება ფრაქციას და 2 მილიონ ნახევარ ლარს ხარჯავთ არაფერში, იმიტომ რომ უბრალოდ ბედნიერი გყავდეთ პარტიის წარმომადგენლები. უხერხულია და სამარცხვინოა და მე მგონი „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი გრძნობს ამ უხერხულობას. გვისმენს ახლა საზოგადოება და რას ეუბნებით თქვენ პენსიონერებს, ლარით არ გაგიზრდიათ პენსია მილიარდერი ხელისუფალის პირობებში 5 წლის განმავლობაში და ზრდით ხელფასებს საკუთარი პარტიის წევრებისთვის,“ - აცხადებს ნიკა მელია.
ოპოზიციის წევრების ამ განცხადებებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ლილუაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ თანამდებობის პირთა რაოდენობა არ იზრდება და მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები.
„ამით ვიღებთ შედეგს, რომ ადგილებზე ფრაქციები, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების ყველაზე დიდ დასაყრდენ ძალას, ხდება ამ ფრაქციების გაძლიერება. ეს თანაბრად შეეხება ყველა პარტიას, წარმოდგენილი რომელიც არის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში,“ - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.