საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში ომბუდსმენად ნინო ლომჯარიას არჩევას აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც იმედი აქვს, რომ ნინო ლომჯარია გარკვეული საკითხების მიმართ პრინციპულობას გამოიჩენს და ასევე, იქნება კრიტიკული.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ნინო ლომჯარია იქნება კრიტიკული ომბუდსმენი.
„მეამაყება „ქართული ოცნების“ გუნდის, იმიტომ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ის ყოველთვის ახერხებს შეჯერდეს საერთო პოზიციაზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა ნინო ლომჯარიას საქმიანობაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„რადგან არჩეული სახალხო დამცველის უკან დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოების სპექტრი, მე სწორედ იმედი მაქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში მას ექნება განცდა, რომ მას კიდევ უფრო მეტი გარანტიები აქვს დამოუკიდებლობის ხელისუფლებისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, დღეს რომ დამტკიცებულიყო ხელისუფლების მიერ დასახელებული კანდიდატი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი იმედოვნებს, რომ არჩეული კანდიდატი ხელისუფლების მიმართ პრინციპული იქნება.
„ფაქტობრივად, მათ კარს მიღმა გადაწყვიტეს თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი და შემდეგ შეთავაზეს საზოგადოებას. თუმცა, სახალხო დამცველი არჩეულია და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ის იქნება პრინციპული და კრიტიკული ხელისუფლების მიმართ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.