აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დღეს შედგა. მუხთარლის მხარდასაჭერად ბაქოდან რამდენიმე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჩავიდა.
სასამართლოს პატარა დარბაზში, მუხთარლისა და მის მეგობრებს შორის პოლიციის ცოცხალი კორდონი იყო. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰაჯიდა ისმაილოვა, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა, ამბობს, რომ საქმეს თავიდან ბოლომდე აბსურდია.
ორსაათიან პროცესზე მუხთარლის ადვოკატმა ჯამში 9 შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე კამერების ჩანაწერების საქმეზე დართვა და ფულის, რომელიც ვითომდა მუხთარლის უპოვეს, მისი ექსპერტიზა, ასევე მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმის შეწყვეტა მოითხოვა. მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა.
პროცესს დაესწრო თბილისიდან საგანგებოს ჩასული ადამიანის უფლებათა სახლის და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი. ორგანიზაცია მუხთარლის უფლებებს საქართველოში მიმდინარე გამოძიებასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წარმოადგენს.
აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას არ სჯერა არც აზერბაიჯანული სასამართლოსი და არც ქართული გამოძიების.
საქმეში ამ დრომდე მხოლოდ მესაზღვრეების ჩვენება დევს. მოსამზადებელი სხდომა დღეს უშედეგოდ დასრულდა. შემდეგი პროცესი ბელაქნის სასამართლოში 14 დეკემბერს გაიმართება.