პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პირად წერილში შერიგება შესთავაზა.
ეს ინფორმაცია პარტია სამოქალაქო პოზიციის ლიდერმა, ანატოლი გრიცენკომ, დაადასტურა.
გრიცენკომ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდა, არ გააკრიტიკონ პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის ეს ნაბიჯი და გაითვალისწინონ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა.
„სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაზე, საჯარო მოწოდება მორიგ მარშზე გამოსვლისკენ, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები პოროშენკოს სახელი, ამის ნაცვლად კი კრიტიკის საგანი ზოგადად „ხელისუფლებაა“ - მიხეილ სააკაშვილის ასეთი ნაბიჯები მისი მომხრეების უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიხეილს ახლა ძალიან უჭირს. ამით არის გამოწვეული შეცდომები და ხალხის განწყობების არაადეკვატური შეფასებები. სააკაშვილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად მისი ღრმად გაგებისგან ის ჯერ ძალიან შორსაა,“ - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.
გამოცემა უკრაინსკაია პრავდამ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, მაგრამ სააკაშვილის პრესსამსახურიდან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირი პასუხი არ მიუღია.